პარკეტის ინსტალაცია


პარკეტის იატაკი წარმოადგენს მრავალშრიან კონსტრუქციას, რომელიც მოთხოვნისამებრ ითვალისწინებს ჰიდრო და თერმოიზოლაციას, დაგების სხვადასხვა მეთოდებს და სხვა. დიდი მნიშვნელობა აქვს პარკეტის დაგებისათვის საძირკველს ე.წ.“ სტიაჟკას” ან “შავ” იატაკს. ორივე შემთხვევაში გარანტირებული უნდა იყოს ზედაპირის ჰორიზონტალურობა და სიმკვრივე.

 

ცემენტის ზედაპირის სიმკვრივის შემოწმება ხდება შემდეგნაირად: შესამოწმებელ ფართზე გალესილი რკინის ლურსმნით იხაზება ბადე 450 დახრის კუთხით. თუ ცემენტი არ დაიშალა ხაზების გადაკვეთაზე ე.ი. საძირკვლი მყარია და დამაკმაყოფილებელია. ცემენტის საძირკვლის სისქე არ უნდა იყოს 4 სმ ნაკლები. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ცემენტის საძირკვლის გაშრობას სჭირდება საკმაოდ დიდი დრო. ყოველი სანტიმეტრის გასაშრობად (თუ საძირკვლის სისქე არის 4 სანტიმეტრამდე) საჭიროა ერთი კვირა, ხოლო ყოველ დამატებულ სანტიმეტრზე 1.5-2 კვირა. პროცესის დასაჩქარებლად საძირკვლის დასაგებად ბოლო დროს ხშირად იყენებენ ანჰიდრიდულ (თაბაშირის) ან მშრალ (წყალში გასაზავებელ) ნაერთებს. უნდა აღვნიშნოთ, რომ მათი მთლიანი მასივის შრობის დრო იზრდება ჰაერის ტენიანობის ზრდასთან ერთად, ამიტომ ხშირად შეცდომაში შედიან, როდესაც მხოლოდ მშრალი ზედაპირის მიხედვით მსჯელობენ მთლიანი საძირკვლის სიმშრალეზე. ამასთან ერთად კარგი ჰიდროიზოლაციის გარეშე, ასეთი საძირკველი ადვილად იღებს კაპილარულ წყალს და სინესტეს.


დავიმახსოვროთ, რომ ყველანაირ პარკეტს ძირითად პრობლემას უქმნის მის ქვეშ შეღწეული სისველე.


პარკეტის დაგების სხვადასხვა ვარიანტები და წესებია ცნობილი. არსებული პრაქტიკის საფუძველზე ჩვენ დავაფიქსირებთ მხოლოდ საკვანძო საკითხებს და კომპოზიტური პარკეტის დაგების თავისებურებას.

 

1. ნებისმიერი საძირკვლის (“სტიაჟკის”) დაგებამდე აუცილებელია ჰიდროიზოლაციის ფენის შექმნა. ეს ხორციელდება ან სპეციალური პასტებით ან ჩვეულებრივი პოლიქლორვინილის (პოლიეთილენის) ფირფიტის დაგებით.


2. დაგებული საძირკველი მუშავდება წებოვანი პრაიმერით, რომელიც იწვევს ზედაპირის სტაბილიზაციას.


3. დასაგები დიქტი (“ფანერა”) ან უნდა იყოს წყალგამძლე, ან ორივე მხრიდან პრაიმერით დამუშავებული.


4. დიქტის სამაგრი სახრახნები არ უნდა არღვევდნენ ცემენტის საძირკვლის მთლიანობას, რომ არ გაიხვრიტოს ჰიდროიზოლაცია და არ განვითარდეს კაპილარული ეფექტი.


5. პარკეტი კედლიდან გარკვეული მანძილით უნდა იყოს დაშორებული. მანძილი განისაზღვრება ოთახის სიგანის მიხედვით. ყოველ 1 მეტრ სიგანეზე მინიმუმ 1,5მმ მანძილია საჭირო. (მაგ. თუ ოთახის სიგანე 10 მეტრია, შესაბამისად პარკეტის კედლიდან დაშორების მანძილი იქნება 10X1,5).


6. კომპოზიტური პარკეტისათვის ურეტან შემცველი წებოები გამოიყენება.


7. წებო გვერდებს შორის მთლიანი ზოლით უნდა იყოს დატანილი.


8. პარკეტის დალურსმვა ხდება გვერდიდან.


9. კომპოზიტური პარკეტის დალურსმვა მიზანშეწონილია სპეციალური პნევმატიური პისტოლეტით ან წვრილი ლურსმნით წინასწარ მომზადებულ ნახვრეტებში.