ექსპერტის რეკომენდაცია
პარკეტის იატაკი.

პარკეტის იატაკი მრავალშრიანია. მთლიანი კონსტრუქციის მინიმალური შემადგეენლობა შემდეგნაირად გამოიყურება: ბეტონის გადახურვა, ჰიდროიზოლაცია, ცემენტის საძირკველი (ე.წ. „სტიაჟკა“), პრაიმერი, წებო, დიქტი (ძელი), წებო, პარკეტი, ლაქი. ყოველ შრეს განსაკუთრებული ფუნქცია და დაგების ტექნოლოგია გააჩნია. ეკონომიის მიზნით, შეიძლება ზოგი რამ არ გავაკეთოთ, მაგრამ უნდა ვიცოდეთ - რას ვერ ავუვლით გვერდს.
პარკეტისთვის ყველაზე დიდ საშიშროებას წარმოადგენს წყალი ნებისმიერ ფაზაში - საკუთრივ წყალი, ორთქლი, ნესტი, კონდენსატი და სხვა. პრობლემის სირთულე განისაზღვრება, ერთის მხრივ, პარკეტის მასალის ჰიგროსკოპიულობით (წყლის შთანთქვის დონით) და, მეორეს მხრივ, პარკეტში შეღწეული წყლის რაოდენობით. ანუ პარკეტმა შეიძლება ან „ისუნთქოს“ - დეფორმაციის გარეშე შეიცვალოს ზომები ნესტიან და მშრალ ატმოსფეროში, ან მიიღოს დეფორმაცია („აიწიოს“, დაიგრიხოს, ამოვარდეს), თუ დიდი რაოდენობით მიიღებს წყალს. ბოლო შემთხვევა უფრო რთულია და შესაბამისად , გამოსწორება ძნელია. ამიტომ უმჯობესია პრობლემის თავიდან აცილება დროულად, ვიდრე პრობლემის შემდგომი აღმოფხვრა.
იატაკის საძირკველი. პარკეტის დეფორმაციის საკმაოდ გავრცელებული მიზეზია მისი დაგება არაგამომშრალ ”სტიაჟკაზე”. ”სტიაჟკას”, როგორც მომდევნო ფენების საძირკველს, დიდი მნიშვნელობა აქვს. ის უნდა იყოს მკვრივი, სწორი, ზედაპირული დაზიანებების გარეშე. მიუხედავად იმისა, რომ ბაზარზე გამოჩნდა ე.წ. მშრალი (ანგიდრიდული) საძირკვლები, ძირითადათ მაინც ქვიშა-ცემენტის ”სტიაჟკები” გამოიყენება.
ცემენტის საძირკველი შეიძლება დაიგოს ბეტონზე ან ჰიდროიზოლირებულ ზედაპირზე, თუ არსებობს ქვემოდან წყლის შეღწევის საშიშროება - შესაძლებელი მიზეზებია: გრუნტის წყალი, ნესტიანი სარდაფი, სართულების გამყოფ სინკარებზე კონდენსირებული ან გარედან მოხვედრილი წყალი და ა.შ. ასეთი სისველე „სტიაჟკის“ შრობას აფერხებს, ამიტომ სასურველია „სტიაჟკის“ ქვეშ ჰიდროიზოლაციის არსებობა. იზოლაციის ყველაზე მარტივი სახეობაა პოლიპროპილენის (პოლიეთილენის) ფირის დაგება. ფირი რამდენიმე სანტიმეტრით უნდა გადადიოდეს იატაკიდან კედელზე. ფირი ზემოდან იფარება პრაიმერით. პრაიმერი - წებოვანი გრუნტია, რომელიც კრავს ზედაპირს და უზრუნველყოფს კარგ გადაბმას ცემენტთან. აღნიშნულ ფირებს ახასიათებს ე.წ. ზედაპირული პოლარობა, რის შედეგადაც, მაგალითად, პოლიპროპილენისთვის უფრო ადვილია წებოვანი პრაიმერის შერჩევა (პოლიეთილენი ძალიან ძნელად წებდება). „სტიაჟკის“ სისქე არ უნდა იყოს 4 სმ. ნაკლები. მის ბუნებრივ გაშრობას სჭირდება საქმაოდ დიდი დრო: ერთი კვირა ყოველ ერთ სანტიმეტრზე (4 სმ. სისქის „სტიაჟკაზე“) და 1.5-2.0 კვირა ყოველ დამატებულ სანტიმეტრზე. დიდი მნიშვნელობა აქვს ცემენტის მასის თანაბარ შრობას. ორპირი ქარი ან ჭარბი სითბო იწვევს ”სტიაჟკის” ტანის დასკდომას. ცემენტის ზედაპირის სიმკვრივე შეიძლება შემოწმდეს შემდეგნაირად: ზედაპირზე გალესილი რკინის ლურსმნით იჩხაპნება ბადე 450 დახრის კუთხით. თუ ცემენტი არ გამოიფხვნა ხაზების გადაკვეთაზე, საძირკვლის სიმყარე დამაკმაყოფილებელია. ამდაგვარი მარტივი მეთოდით შეიძლება შემოწმდეს ”სტიაჟკის” სიმშრალე. პოლიეთილენის ნაჭერს მჭიდროდ აკონტაქტებენ ზედაპირს (სასურველია პოლიეთილენსა და ცემენტს შორის ჰაერი არ დარჩეს). ”სტიაჟკა” არ არის მშრალი თუ 5-7 დღის მერე პოლიეთილენის ქვედა მხარე დასველდა. მშრალ ცემენტის ზედაპირს კარგად ასუფთავებენ და წებოვანი პრაიმერით ფარავენ.
”სტიაჟკის” შრობის დრო შეიძლება მკვეთრად შემცირდეს თანამედროვე მასალების გამოყენებით. ცემენტში ურევენ სპეციალურ ქიმიურ ნაერთებს, რომლებიც მოლეკულარულ დონეზე წყალთან რეაქციაში შედიან, კრავენ მას და აორთქლების საშუალებას არ აძლევენ. ასეთია, მაგალითად, ორკომპონენტიანი ეპოქსიდის გრუნტი.
მალე შრება ნახსენები ანგიდრიდული ”სტიაჟკები”. ეს არის სპეციალური ტექნოლოგიით დამუშავებული თაბაშირ-კირის მშრალი ნაერთი, რომელსაც დაგებისას წყალს ურევენ. ასეთი ”სტიაჟკები” ე.წ. თვითნიველირებადია, ანუ თხევადი საფარი მასა თავისით იჭერს სისწორეს და ჰორიზონტალურობას. ანგიდრიდული ”სტიაჟკის” მთლიანი კრისტალიზაცია ხდება 2-3 კვირაში, მაგრამ კრისტალიზაციის დრო მკვეთრად მატულობს ტენიან ატმოსფეროში. გამშრალი ,,სტიაჟკა’’ იღებს ღია კრემის ფერს, რომლის ზედაპირი პრიალა და მყარია.

ანგიდრიდული ”სტიაჟკა” ძალიან ჰიგროსკოპიულია, ანუ მგრძნობიარეა წყლის მიმართ. ამიტომ, მისი გამოყენება შეზღუდულია ნესტიან ადგილებში. მშრალ გარემოშიც მკაცრად უნდა გაკონტროლდეს ”სტიაჟკის” ჰიდროიზოლაცია. არასწორად დაგებული ანგიდრიდული სტიაჟკა წყლის კონდენსატორის (დამგროვებლის) როლს თამაშობს და ხშირად ხდება სოკოს დაბუდების ადგილად.
”სტიაჟკის” სისწორე მოწმდება 2 მეტრიანი ლარტყით. ზედაპირი უნდა იყოს სწორი (დასაშვებია 2მმ ცდომილება).
პარკეტის საძირკველი. პრაიმერით დამუშავებულ ”სტიაჟკაზე” იგება პარკეტის საძირკველი - ფანერა ან ძელები.
სასურველია წყალგამძლე ფანერის გამოყენება. სამწუხაროდ ქართულ ბაზარზე ასეთი მასალა არ მოიპოვება. ამ შემთხვევაში ჩვეულებრივი ფანერა უნდა დამუშავდეს წყალგამძლე პრაიმერით (გრუნტით), რადგანაც დაუცველი ფანერა სწრაფად სველდება და იკიდებს ობს.

ფანერის სისქე პარკეტის სისქეზეა დამოკიდებულია. ჩვეულებრივი შეფარდება - 2/3 პარკეტის ლამელის სისქიდან. ფანერის ფურცლები ოთხად იჭრება (50x50 სმ) და იატაკზე ჭადრაკისებურად ლაგდება. ფილებს შორის აუცილებლად ტოვებენ ტექნოლოგიურ ღრეჩოებს (0.8-1.0 სმ). ”სტიაჟკაზე”
ფილა მაგრდება დიუბელ-შურუპით. აქ აუცილებლად გასათვალისწინებელია ორი რამ. 1 - პლასტმასის დიუბელი არ უნდა არღვევდეს ”სტიაჟკის” მთლიან სისქეს . 2 - დიუბელის ჩაჭედებამდე ნახვრეტი ივსება გერმეტიკით (მაგალითად, სილიკონით). ორივე ქმედება მინიმუმამდე დაყავს ფანერაში კაპილარული წყლის მოხვედრის საშიშროება. ანუ შურუპს არ უნდა ჰქონდეს პირდაპირი შეხება წყლის შესაძლო წყაროსთან. ფანერის ზედაპირი კარგად იხეხება, სუფთავდება და იფარება პრაიმერის გრუნტით.

ძელებზე დაგების შემთხვევაში გამოიყენება ან გამომშრალი ხის მასალა (ტენიანობა 8-12%) ან იგივე ფანერის ნაჭრები, რომლებიც ორ ფენად და ჯვარედინად დიუმელ-შურუპით ”სტიაჟკაზე” მაგრდება.
ეს მეთოდი ფართოდ გამოიყენება დასავლეთში, რადგან პარკეტის საძირკველი კარგად ნიავდება, უმჯობესდება ბგერითი იზოლაცია, ჩნდება საშუალება ძელებს შორის თბოიზოლაციის, გათბობის სისტემის და სხვა კომუნიკაციების მოთავსება და სხვა.
ძელებს ასწორებენ ხის სოლებით. ძელებძე პარკეტი იჭედება ან მაგრდება შურუპებით. წებო ხშირ შემთხვევაში არ გამოიყენება.
დაგებული პარკეტის პრობლემები. პარკეტის დაგების პრინციპი დამოკიდებულია ლამელების შეერთების პრინციპზე: ჩვეულებრივი (ენა-ღარი) ან ჩამკეტი (woodloc, uniclic).
ენა-ღარი. პარკეტი ფანერაზე წებდება და იჭედება. სასურველია ჰაერის ტემპერატურა იყოს 14-250 - ის, ფარდობითი ტენიანობა კი - 45-60%-ის ფარგლებში. ასეთ გარემოში პარკეტი ინარჩუნებს ოპტიმალურ 7-10%-ან ტენიანობას. ჰაერის ჭარბი ტენიანობა მოქმედებს პარკეტზე - ის იღებს ტენს და ფართოვდება. ზამთარში, პირიქით, გათბობა აშრობს პარკეტს, რაც ლამელებს შორის ღრეჩოების გამოჩენის მიზეზიც აღმოჩნდეს. თუ პროცესი გაწონასწორებულია, ლაპარაკობენ „პარკეტის სუნთქვაზე“. დიდი პრობლემა არ შეიქმნება, თუ დაგებისას პარკეტს და კედელს შორის იყო გათვალისწინებული ტექნოლოგიური სივრცე (1.0-1.5 სმ)და ის თვისება, რომ პარკეტს ახასიათებს მეტი განივი, ვიდრე გასწვრივი გაფართოება.
წონასწორობის დარღვევა იწვევს პარკეტის შესამჩნევ დეფორმაციას.
ცუდათ გამომშრალი პარკეტი დაგების მერე ინტენსიურად შრება, რის გამოც შეერთების ადგილას ჩნდება ნაპრალი. ძირითადათ ეს იაფი, ე.წ. „გამოხარშული“, პარკეტის ავადმყოფობაა. ასეთი პარკეტი შემდგომშიც გააგრძელებს რეაგირებას ამინდის ცვლილებაზე. წიფელა, მაგალითად, ძალიან ჰიგროსკოპიულია. ცუდად დამუშავებული და დაცული წიფელა ძალიან ადვილად იღებს ტენს და ფართოვდება.
თუ პარკეტი წებდება წყლის შემცველი წებოთი და ამავე დროს ფანერა არაა დაცული წყალგაუმტარი პრაიმერით, საძირკველი იღებს წყალს.
ამ ორი მიზეზის გამო ფირფიტების შეერთების ადგილას პარკეტი შეიძლება გაიბეროს და კიდეები აწიოს. მაგრამ, თუ შთანთქმული წყლის რაოდენობა დიდია, პარკეტი მოწყდება საძირკველს და ”აიწევა”. პირველ შემთხვევაში უნდა ინახოს ტექნოლოგიური სივრცე კედლებთან. ხშირად პარკეტი მიჯრით არის მისული კედელთან, რის გამო ჭარბი გაფართოების ძალა კიდეებს ზევით წევს. ამის გამოსწორება შეიძლება პარკეტის კედელთან მოჭრით. გარკვეული დროის შემდეგ პარკეტი თავისით გასწორდება.
საძირკველს მოწყვეტილი პარკეტი გაშრობის მერე დაიწევს, მაგრამ შემდგომში ”ტალღობრივ” მოძრაობას მაინც გაარგრძელებს.
ყველა შემთხვევაში უნდა აღმოიფხვრას ტენიანობის მკვეთრი აწევის მიზეზი.
პარკეტის ქვეშ არ უნდა გროვდებოდეს სისველე.

ასეთ პირობებში მოქმედებს ე.წ. ”სათბურის ეფექტი”, რომლის დროსაც დახურულ სივრცეში დაგროვილი წყლის ორთქლი ალპობს ნიადაგს და პარკეტს. თუ ”სათბური” დროზე არ განიავდება, დაგებული პარკეტი უნდა აიყაროს.
მშრალ საძირკველზე დაგებული პარკეტის დაცვა ზედაპირზე მოხვედრილი წყლისაგან ადვილია შესაბამისი ლაქის გამოყენებით და ფირფიტების გადაბმის ადგილების გერმეტიზაციით. ქარხნის წესით ლაქის დაფარვის დროსაც პარკეტის გვერდები დაუცველი რჩება.